გზამკვლევები და საუკეთესო პრაქტიკა
გეგმიდან შესრულებამდე: როგორ იქცევა საქართველოს სისწრაფე და შესაძლებლობები ოპერაციულ რეალობად
GeoStorage
3 წთ კითხვა
გაზიარება:

წინა სტატიებში განვიხილეთ, რატომ იქცა საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში კლინიკური კვლევებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყნად:
- ნაწილი 1 (კვლევის დაწყების გზა): სწრაფი ეთიკური და რეგულატორული თანხმობა, პარალელური განაცხადები და საბაჟო გაფორმება 24-48 საათში.
- ნაწილი 2 (პაციენტების ხელმისაწვდომობა და ჩართვა): პაციენტების მაღალი სიმჭიდროვე დიდ ქალაქებში, მანამდე უმკურნალებელი პაციენტების კვლევაში შენარჩუნების მაღალი მაჩვენებელი და სწრაფი ჩართვა.
- ნაწილი 3 (კომპაქტური ეკოსისტემა): 250-ზე მეტი საავადმყოფოს მჭიდრო ქსელი, სტანდარტული სამმხრივი CTA-ები და მკვლევრებთან მარტივი კომუნიკაცია.
თუმცა ყველაზე ეფექტიანი რეგულატორული სისტემისა და პაციენტების ჩართვის ყველაზე მაღალი ტემპის პირობებშიც კი კვლევა შეიძლება შეფერხდეს, თუ ფიზიკური მომარაგების ჯაჭვი ჩავარდება. კვლევის შესრულებისას რეგულატორულ სისწრაფეს დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, თუ საკვლევი პრეპარატი (IP), ლაბორატორიული ნაკრებები ან ტემპერატურისადმი მგრძნობიარე ბიოლოგიური პრეპარატები იგვიანებს, გზაში ზიანდება ან რეგულატორულ პროცედურებზე ჩერდება.
სწორედ ამას ეძღვნება ნაწილი 4: გეგმიდან შესრულებამდე - როგორ დავუკავშიროთ საქართველოს შესაძლებლობები შეუფერხებლად მომუშავე, GxP-ის შესაბამის ადგილობრივ ინფრასტრუქტურას.
კლინიკური კვლევების ლოგისტიკის გამოწვევები რეგიონულ მომარაგებაში
როცა გლობალური სპონსორები და CRO-ები კლინიკურ კვლევებს პერსპექტიულ განვითარებად ბაზრებზე აფართოებენ, როგორც წესი, სამ კრიტიკულ ოპერაციულ რისკს აწყდებიან:
- ტემპერატურული გადახრები და ცივი ჯაჭვის მთლიანობა: მოწინავე თერაპიის პრეპარატებს, მონოკლონურ ანტისხეულებსა და ბიოლოგიურ პრეპარატებს ხშირად მკაცრი ტემპერატურული პირობები სჭირდება (+2-დან +8 °C-მდე, -20-დან -86 °C-მდე ან კრიოგენული პირობები). საერთაშორისო ტრანსპორტირების ხანგრძლივი მონაკვეთები ტემპერატურის ცვლილების რისკს ზრდის.
- საბაჟო გაფორმება და იმპორტის რეგულირება: იმპორტიორის (Importer of Record, IOR) ვალდებულებები, ჯანდაცვის ადგილობრივი ორგანოს ნებართვები და საბაჟო დოკუმენტაცია გამოცდილი ადგილობრივი პარტნიორის გარეშე შეიძლება რამდენიმეკვირიანი შეფერხების მიზეზი გახდეს.
- მიწოდება კვლევით ცენტრებამდე ბოლო მონაკვეთზე: საკვლევი პრეპარატებისა და ლაბორატორიული ნაკრებების დროული მიწოდება საქართველოს მასშტაბით კვლევით ცენტრებში ზუსტ ადგილობრივ ლოგისტიკასა და ლოგერებით ტემპერატურის უწყვეტ მონიტორინგს მოითხოვს.
როგორ აკავშირებს GeoStorage გეგმასა და შესრულებას
GeoStorage-ში საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე კლინიკური კვლევების ფიზიკური საყრდენის როლს ვასრულებთ. მაღალი დონის გეგმებს საიმედო ყოველდღიურ სამუშაოდ ოთხი ძირითადი მიმართულებით ვაქცევთ:
1. GDP-ის სრულად შესაბამისი ადგილობრივი საწყობი
- მრავალზონიანი ტემპერატურული კონტროლი: ცალკეული ზონები უწყვეტი მონიტორინგით - კონტროლირებადი ოთახის ტემპერატურა (+15-დან +25 °C-მდე), მაცივარი (+2-დან +8 °C-მდე), გაყინვა (-20-დან -35 °C-მდე) და ღრმა გაყინვა ულტრადაბალ ტემპერატურაზე (-40-დან -86 °C-მდე).
- GxP სტანდარტები და აუდიტისთვის მზადყოფნა: საწყობის მოწყობა და სამუშაო პროცედურები (SOP) GDP-ის საერთაშორისო სახელმძღვანელო პრინციპებს შეესაბამება, ამიტომ სპონსორის აუდიტი შეუფერხებლად ტარდება.
2. დაჩქარებული იმპორტი / ექსპორტი და კლინიკური კვლევების მხარდამჭერი საბაჟო გარემო
- კლინიკური ტვირთების პრიორიტეტი საბაჟოზე: საქართველოს საბაჟო ორგანოები კლინიკური კვლევების სფეროს განსაკუთრებით უწყობენ ხელს და მის სპეციფიკას კარგად იცნობენ. საბაჟო მოხელეებს ესმით, რომ საკვლევი პრეპარატები და ლაბორატორიული ნიმუშები სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება და მათთვის დრო გადამწყვეტია, ამიტომ კლინიკური კვლევის ტვირთებს მუდმივად პრიორიტეტს ანიჭებენ და დაჩქარებულად აფორმებენ.
- გაფორმება 24-48 საათში, მინდობილობის საფუძველზე: საქმის მცოდნე ადგილობრივ მებაჟეებთან თანამშრომლობით GeoStorage დადგენილი პროცედურებით ტვირთს თბილისში ჩამოსვლიდან 24-48 საათში აფორმებს. საბაჟო გაფორმებას უფლებამოსილი სპონსორის ან CRO-ს სახელით, მინდობილობის საფუძველზე ვახორციელებთ და ვეხმარებით იმპორტის ლიცენზიისა და შესაბამისობის დოკუმენტაციის მომზადებაში, რომ გლობალურ სპონსორებს ადმინისტრაციული შეფერხება არ შეექმნათ.
3. დამატებითი ეტიკეტირება ადგილზე
- მოქნილობა და სისწრაფე: პროტოკოლის ცვლილებისას დამტკიცებულ დამატებით ეტიკეტს არსებულ მეორად შეფუთვაზე ადგილზე ვათავსებთ, რაც დროსა და საერთაშორისო გადაზიდვის ხარჯს ზოგავს.
- დაბრუნება და განადგურება: გამოუყენებელი საკვლევი პრეპარატის (IP), ბიოლოგიური ნიმუშებისა და აღრიცხვას დაქვემდებარებული კვლევის მასალების კონტროლირებული მართვა GxP სტანდარტების მიხედვით.
4. პირდაპირი მიწოდება კვლევით ცენტრებში ბოლო მონაკვეთზე
- მიწოდება იმავე ან მომდევნო დღეს: ტემპერატურულად ვალიდირებული აქტიური და პასიური თერმოყუთებით მასალას ჩვენი საწყობიდან პირდაპირ საავადმყოფოების ფარმაცევტებსა და კვლევით ცენტრებს ვაწვდით საქართველოს მასშტაბით, ტემპერატურული გადახრის გარეშე.
- ბიოლოგიური ნიმუშების ექსპორტის ლოგისტიკა: ბიოლოგიური ნიმუშების დროული წაღება კვლევითი ცენტრებიდან, შენახვა ღრმა გაყინვის პირობებში და ექსპორტი საერთაშორისო ცენტრალურ ლაბორატორიებში.
დასკვნა: GeoStorage-ის უპირატესობა
საქართველო რეგულატორულ სისწრაფეს, პაციენტების ჩართვის გამორჩეულ ტემპსა და ოპერაციულ ეფექტიანობას აერთიანებს - ასეთი ერთობლიობა იშვიათია. GeoStorage-თან თანამშრომლობით სპონსორები და CRO-ები გეგმასა და შესრულებას შორის ხარვეზს ავსებენ, ასე რომ, საქართველოში ყოველი კვლევა მაქსიმალური სისწრაფითა და მოთხოვნების სრული დაცვით მიმდინარეობს, მომარაგების ჯაჭვზე კი საფიქრალი აღარ რჩება.

