პაციენტების ლოგისტიკა, რომელიც მონაწილეებს ვიზიტების განრიგის დაცვაში ეხმარება
როცა პაციენტს კვლევით ცენტრამდე მისვლა უჭირს, ჩვენი ლოგისტიკის წყალობით კვლევა თავად მიდის მასთან. GeoStorage საქართველოში ემსახურება როგორც პირდაპირ პაციენტთან მიწოდების (direct-to-patient) კვლევებს, ისე კვლევით ცენტრებზე დაფუძნებულ პროექტებს: საკვლევ პრეპარატებს პირდაპირ ბინაზე ვაწვდით და უზრუნველვყოფთ პაციენტების, ექთნებისა და კვლევის პერსონალის გეგმიურ ტრანსპორტირებას.
გამოტოვებული ვიზიტები და დაგვიანებული დოზები კვლევიდან პაციენტების გასვლის ყველაზე ხშირ მიზეზებს შორისაა. გამართული ლოგისტიკა ამ ბარიერებს ხსნის: მონაწილე, რომელიც ცენტრიდან შორს ცხოვრობს, კლინიკის სამუშაო საათებში მუშაობს ან ისე ცუდად გრძნობს თავს, რომ მგზავრობა უჭირს, პროტოკოლის დაცვას მაინც ახერხებს. ეს პაციენტების კვლევაში შენარჩუნების ერთ-ერთი უმარტივესი გზაა, საქართველოში კი პაციენტების
ჩართვა და შენარჩუნება ისედაც ძლიერი მხარეა.
საკვლევი პრეპარატის პირდაპირ პაციენტთან მიწოდება (DTP)
პირდაპირ პაციენტთან მიწოდება ნიშნავს, რომ საკვლევი პრეპარატი საწყობიდან უშუალოდ მონაწილის სახლში იგზავნება და მას ცენტრში მისვლა აღარ სჭირდება. IMP-სა და კვლევის მასალებს პაციენტებს ბინაზე ვაწვდით თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, იმავე GDP კონტროლით, რომლითაც ჩვენი
GDP საწყობი მუშაობს.
- კვლევითი ცენტრი ან სპონსორი ადასტურებს კონკრეტული მონაწილისთვის ტვირთის გაგზავნას.
- შეკვეთას ვამზადებთ საწყობში და ვათავსებთ ტემპერატურულად ვალიდირებულ შეფუთვაში, ტემპერატურის ლოგერთან ერთად.
- ჩვენი კურიერი ამანათს შეთანხმებულ დროს მიიტანს და მონაწილეს პირადად გადასცემს.
- მიწოდება, ტემპერატურული ჩანაწერი და გადაცემა კვლევის საქაღალდისთვის დოკუმენტირდება.
ეს მომსახურება გამოდგება როგორც სრულად დისტანციური, ისე ჰიბრიდული კვლევებისთვის, მაცივრის რეჟიმისა და ოთახის ტემპერატურის პროდუქტებისთვის. ყოველ კვლევას მიწოდების გეგმა აქვს, რომელიც პაციენტის კონფიდენციალურობას იცავს. საწყობი, კურიერი და ჩანაწერები ერთ პარტნიორთანაა, ამიტომ სახლში მიწოდება ყოველდღიური პრაქტიკა ხდება და არა საპილოტე პროექტი. საქართველოში ამას მოკლე მანძილებიც უწყობს ხელს: ქვეყანაში კლინიკური კვლევების 70%-ზე მეტი თბილისიდან 30 კილომეტრის რადიუსში ტარდება, სადაც ჩვენი საწყობია.
პაციენტების ტრანსპორტირება კვლევით ცენტრებში და უკან
ზოგი ვიზიტი სახლში ვერ ჩატარდება: სკანირება, ინფუზია ან პროცედურა საავადმყოფოში ტარდება. მონაწილეებს კვლევით ცენტრებში მივიყვანთ და უკან დავაბრუნებთ ცენტრთან შეთანხმებული განრიგით, საკუთარი ავტომობილებითა და საკუთარი მძღოლებით.
- გეგმიური ტრანსპორტირება კვლევით ცენტრამდე და უკან ყოველი ვიზიტისთვის
- კოორდინაცია ცენტრის პერსონალთან, მონაწილის დროულად მოსაყვანად
- კომფორტული მგზავრობა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით
- მომსახურება საქართველოს ყველა ქალაქის კვლევით ცენტრებში
ტრანსპორტირებას ყოველი ვიზიტისთვის ინდივიდუალურად ვგეგმავთ, ამიტომ მონაწილეს მგზავრობის ორგანიზებაზე ზრუნვა არ უწევს. ეს კვლევით ცენტრებსაც ეხმარება ვიზიტების განრიგის დაცვაში, განსაკუთრებით ხანგრძლივი ან რთული პროტოკოლების დროს. პაციენტების ტრანსპორტირებას იგივე გუნდი აწყობს, რომელიც კვლევის მარაგს მართავს.
ექთნებისა და კვლევის პერსონალის ტრანსპორტირება
ბინაზე ვიზიტები და მრავალცენტრიანი კვლევები იმაზეა დამოკიდებული, რომ ექთნები და კვლევის პერსონალი დათქმულ დროს საჭირო ადგილას იყვნენ. ჩვენ უზრუნველვყოფთ ექთნების, სამედიცინო პერსონალისა და კვლევის გუნდის ტრანსპორტირებას კვლევით ცენტრებს შორის და მონაწილეების სახლებამდე. GeoStorage მხოლოდ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, ექთნებისა და კლინიკური საქმიანობის ორგანიზებასა და ზედამხედველობას კი კვლევის გუნდი ახორციელებს.
ეს ამარტივებს ექთნის ვიზიტებსა და ბინაზე მომსახურებას, რომელსაც კვლევითი ცენტრი ან ბინაზე მოვლის პროვაიდერი ატარებს, და ასეთი კვლევებისთვის პერსონალის დაკომპლექტებას აადვილებს. ყოველი მგზავრობა წინასწარ იგეგმება და დოკუმენტირდება.
ლოგისტიკა დეცენტრალიზებული და პირდაპირ პაციენტთან მიწოდების კვლევებისთვის
დეცენტრალიზებული კვლევების ლოგისტიკა რამდენიმე მომსახურებას აერთიანებს, რომელთაც ხშირად სხვადასხვა მომწოდებლისგან უკვეთავენ. GeoStorage ყველა ამ სერვისს ერთ ადგილობრივ გუნდში უყრის თავს.
- პირდაპირ პაციენტთან მიწოდება ჩვენი GDP საწყობიდან მონაწილის სახლამდე
- ბინაზე ვიზიტებზე მომუშავე ექთნებისა და კვლევის პერსონალის ტრანსპორტირება
- ნიმუშების წაღება და სწრაფი ექსპორტი ცენტრალურ ლაბორატორიებში
- ერთიანი ჩანაწერები ყოველი მიწოდების, ვიზიტისა და ნიმუშისთვის
ჰიბრიდულ კვლევებში იგივე გუნდი კვლევით ცენტრებსაც ემსახურება, ამიტომ მონაწილე სახლსა და ცენტრში ვიზიტებს შორის პროვაიდერის შეცვლის გარეშე გადადის.
პაციენტზე ორიენტირებული მომსახურება და მონაცემების დაცვა
პაციენტი ტვირთი არ არის - ჩვენი მომსახურება პროტოკოლის მოთხოვნებთან ერთად პაციენტის კომფორტსა და კონფიდენციალურობას ერგება.
- მიწოდებისა და ტრანსპორტირების დრო მონაწილესთან წინასწარ თანხმდება
- პერსონალი ინსტრუქტირებულია, რომ პაციენტებთან ურთიერთობისას გამოიჩინოს დელიკატურობა და ყურადღება
- პერსონალური მონაცემები მუშავდება ISO/IEC 27001:2022 ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად
- ერთი საკონტაქტო წერტილი კვლევითი ცენტრის გუნდისთვის
ჩვენი როლი ტრანსპორტირება და მიწოდებაა. მგზავრობის დაჯავშნასა და პაციენტების ხარჯების ანაზღაურებას კვლევითი ცენტრი ან სპონსორის მიერ არჩეული სხვა პროვაიდერი უზრუნველყოფს.